JustPaste.it

ბევრი Qnet-ელი გვარწმუნებს რომ ამ ბიზნესში ადამიანთა რაოდენობა არ გამოილევა, რადგან მუდმივად მოხდება ახალ-ახალ თაობათა მოსვლა. ეს ტყუილია და ამის მათემატიკური მტკიცებულება ნაბიჯ-ნაბიჯ განხილულია ქვემოთ:

 

მოცემულია დასკვნა (ქვემოთ მოცემულია ამ დასკვნის დამტკიცება):
.
Qnet-ი ისეთი საქმიანობაა სადაც შეუძლებელია ყველა წევრმა იშოვოს ფული. არათუ მცირეა შანსი, არამედ უბრალოდ შეუძლებელია. შესაძლოა ზოგიერთმა იშოვოს, მაგრამ შეუძლებელია რომ ყველამ იშოვოს. ყოველთვის იარსებებენ ის წევრები, რომლებსაც ჯერ არ ყავთ შემოყვანილი არცერთი ადამიანი. იმისათვის რომ ყველა წევრმა იხეიროს, უსასრულოდ უნდა გაგრძელდეს საფეხურების შევსება, და თან უნაკლო უნდა იყოს, არცერთი კაცი არ უნდა აკლდეს არცერთ საფეხურს, მოკლედ, სულ მუდამ, დროულად უნდა ხდებოდეს ახალ-ახალი წევრების შემოსვლა, თორემ ყველა ვერ გამოიმუშავებს თანხას. ანუ, თუ მათ მიერ ახალი წევრების შემოსვლა უსასრულოდ არ გაგრძელდა, ძალიან ბევრი დარჩება „უხეიროდ“. ახლა ვიღაც იტყვის, რომ ეს უსასრულოდ გაგრძელდება და ყველა იქნება ბედნიერი, მაგრამ ქვემოთ მოცემულია მტკიცებულება რომ აბსოლუტურად შეუძლებელია ეს სისტემა უსასრულოდ გაგრძელდეს ისე რომ ყველა დროულად ხდებოდეს „ნახეირი“.


დამტკიცება:
მოდით დავუშვათ რომ Qnet-ს აქვს საუკეთესო პირობები ადამიანთა რაოდენობის მხრივ. კერძოდ, დავუშვათ ეს დებულებები:

* დავუშვათ რომ ახლა დედამიწაზე ზუსტად 8 მილიარდი ადამიანია ცოცხალი და ყველას შეუძლია Qnet-ში გაწევრიანება, მათ შორის ახალდაბადებულ თოთო ბავშვებსაც და ღრმად მოხუცებულებსაც.

* დავუშვათ რომ ყველა ადამიანი ცოცხლობს 1000 წელი და რომ არ არსებობს უბედური შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილი. ანუ მოხუცებიც ცოცხლობენ კიდევ 900 წელი დაახლოებით, რადგან მათ უკვე იცხოვრეს 100 წელი.

* დავუშვათ რომ ყოველ წელიწადში იბადება მოსახლეობის 25% (რთული პროცენტით),
ანუ
პირველ წელს მიემატება 2 მილიარდი კაცი (2,000,000,000)
მეორე წელს მიემატება 2.5 მილიარდი კაცი
მესამე წელს მიემატება 3.125 მილიარდი კაცი
მეოთხე წელს მიემატება 3.90625 მილიარდი კაცი
მეხუთე წელს მიემატება 4.88281 მილიარდი კაცი,
და ასე შემდეგ
რეალურად 100 მილიონიც არ იბადება წლის განმავლობაში, მაგრამ ჩვენ დავუშვათ საუკეთესო პირობები: 25%-იანი მატება და თან რთული პროცენტით და არა მარტივით.

 

* ახლა დავუშვათ რომ ერთმა კაცმა დააფუძნა Qnet-ის ბიზნესი და 1 წელიწადში გააწევრიანა 2 კაცი. რეალურად ბევრად მალე ჯობია ეს მოხდეს, 3-4 თვეში მაინც, მაგრამ ჩვენ ძალიან ძალიან გავწელოთ დრო, რათა დავამტკიცოთ რომ მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობა მაინც ვერ დაეწევა. იმ ორმა კაცმაც 1 წელიწადში მოიყვანა თავთავიანთი 2 კაცი. და ასე შემდეგ. ანუ ყოველ წელიწადს თითოეულ წევრს მოყავს ორ-ორი ახალი კაცი და შესაბამისად ყოველ წელს ივსება ორობითი ქსელის ახალ-ახალი საფეხური.
ანუ
1 წლის მერე რაოდენობა იქნება 3 კაცი,
2 წლის მერე რაოდენობა იქნება 7 კაცი,
3 წლის მერე რაოდენობა იქნება 15 კაცი,
4 წლის მერე რაოდენობა იქნება 31 კაცი,
და ასე შემდეგ.


მოკლედ, ჩვეულებრივი გეომეტრიული პროგრესიაა და მარტივი ფორმულით გამოისახება:

2^(n+1) – 1

სადაც n-ი არის წლების რაოდენობა და ასევე საფეხურების რაოდენობა, იმიტომ რომ, როგორც ვთქვით თითო წელიწადში თითო საფეხური ივსება.

ახლა ვნახოთ როგორია დედამიწის მოსახლეობის რაოდენობის ფორმულა. ჩვენ ვთქვით რომ ყოველ წელს მატულობს 25%-ით, და თან რთული პროცენტით.
ანუ გვექნება:

8,000,000,000 * ((1 + 0.25)^n)

სადაც n-ი ზუსტად ისაა რაც წინა ფორმულაში, წლების რაოდენობა, ანუ ორობით ქსელში საფეხურების რაოდენობა.

ახლა ვნახოთ რა გვექნება 48 წლის მერე, ანუ რა გვექნება ორობითი ქსელის 48-ე საფეხურზე:

დედამიწის მოსახლეობის რაოდენობა გახდება დაახლოებით 359 ტრილიონი (359,000,000,000,000).
Qnet-ის წევრთა რაოდენობა კი მიაღწევს 562 ტრილიონზე (562,000,000,000,000) მეტს. უფრო სწორად ასე უნდა მიაღწიოს, მაგრამ რა თქმა უნდა ვერ მიაღწევს, რადგან მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობა არ ეყოფა.

ასეა, ორობითი ქსელი იმდენად სწრაფი ზრდაა რომ ვერანაირი მსოფლიო მოსახლეობა და ვერანაირი ახალ-ახალ თაობათა მოსვლა ვერ დაეწევა. საუკეთესო პირობებში 48-ე საფეხურზე ინგრევა და რეალურ პირობებში რა მოუვა წარმოიდგინეთ. ეს ბიზნესი უნდა აიკრძალოს.